slide: ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი


პერსონალური ინფორმაცია

‘’ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო’’ - ეს ფრაზა არაერთხელ გაჟღერებულა ქართულ რეალობაში, თუმცა, ჩვენ გვსმენია ან შევსწრებივართ არაერთ დაპირისპირებას ოჯახებში, რომელიც ფატალური შედეგითაც კი დასრულებულა. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი. ძალადობა შეიძლება იყოს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქო-ემოციური ან ეკონომიკური. ფაქტი კი ერთია - ძალადობის თითოეულ მსხვერპლს სჭირდება გარშემომყოფებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერა. 

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი სწორედ ასეთ ორგანიზაციას წარმოადგენს 2003 წლიდან და ძალადობის მსხვერპლებს სამართლებრივ, ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციასა და თავშესაფარს სთავაზობს. 

ჩვენ შეიძლება ხელი შევუშალოთ ძალადობას კონკრეტულ მომენტში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას განგრძობითი ხასიათი აქვს და მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის მთავარი მიზანი მსხვერპლის უსაფრთხოებაა, მაგრამ მათი საქმიანობა მოძალადის ფსიქოლოგიურ დახმარებასაც მოიცავს. მათ აქვთ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული კურსები, რაც ხელს უწყობს ძალადობის სამომავლო პრევენციასა და ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას. 

სტატისტიკიდან გამომდინარე ოჯახში ძალადობის მსხვერპლები ძირითადად ქალები ხდებიან. მათ უსაფრთხო გარემოს გარდა სჭირდებათ იმის გააზრება, რომ მარტო არ არიან და ისეთი გარემო, სადაც შეძლებენ რეალიზებას და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას. გემომეტრია არის საქართველოში პირველი სოციალური საწარმო ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, რომელიც 2017 წელს ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ბაზაზე დაფუძნდა. სოციალურ საწარმოში ძალადობაგამოვლილი ქალები იღებენ პროფესიულ განათლებას, ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ორგანიზაციის ბაზაზეა ასევე სათბური და როზარიუმი, სადაც გამოჰყავთ ბოსტნეული და სეზონის შესაბამისი ყვავილები, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. აქვე შეხვდებით არტ-თერაპიის კლუბს, სადაც ბენეფიციარები ხელნაკეთ ნამუშევრებსა და აქსესუარებს ქმნიან. 

იზრუნე ძალადობის პრევენციაზე და შექმენი უკეთესი პირობები ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის.