slide: Green Pole • მწვანე პოლუსი

Green Pole • მწვანე პოლუსი

იზრუნე გარემოსა და ჩვენს ქალაქზე

ჩვენი ქალაქი სავსეა დეტალებით, რომლებსაც საერთოდ ვეღარ ვამჩნევთ - გამონაბოლქვი, ხმაურიანი და უკანონო მშენებლობები, მოუვლელი პარკები, დაზიანებული გზები და ტროტუარები... თითქოს შევეჩვიეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ყოფის ნაწილია და გამოსწორება შეუძლებელია. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ რეალობას არ ეგუებიან. მათ ხმამაღლა თქვეს, რომ - „ჩემი ქალაქი მკლავს და ეს აუცილებლად უნდა შევცვალო’’. 


,,ჩემი ქალაქი მკლავს’’ არის გულწრფელი სამოქალაქო პროტესტით შექმნილი მოძრაობა, მაგრამ მალევე გადაიქცა ძალად, რომელმაც უკვე შეცვალა კანონები, შეაჩერა ზიანის მომტანი მშენებლობები, გააუმჯობესა ჰაერის ხარისხი და რაც მთავარია - ასი ათასობით ადამიანს დაუბრუნა პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი ქალაქის მიმართ. დღეს ეს მოძრაობა არა მარტო საუბრობს ქალაქში არსებულ პრობლემებზე, არამედ ყოველდღიურად მუშაობს მათ გამოსწორებაზე.


მათი ინიციატივით ხილული გამონაბოლქვი საქართველოს 4 ქალაქში კანონით აიკრძალა; მათ შექმნეს ჰაერის ხარისხის პირველი სამოქალაქო მონიტორინგის ქსელი, დააპატენტეს ქართული ჰაერის საზომი ხელსაწყო „სიომეტრი“, რომელიც დღეს საქართველოს 17 ქალაქში არის განთავსებული. სწორედ მათი ძალისხმევით შეჩერდა 11 მშენებლობა, მოეწყო ახალი პარკები და სკვერები.


მოძრაობის ფარგლებში დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსი“, რომლის მთავარი მიზანია ეკო-ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო აქტივობების დაორგანიზება. ‘’მწვანე პოლუსი’’ ახალ თაობას ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განვითარებაში ეხმარება. მათ ეკო-რჩევების წიგნებს უკვე ათასობით ბავშვი გაეცნო. ორგანიზაციის დამფუძნებლებმა დააპატენტეს პირველი ქართული ეკო-თამაში „ეკო ქალაქი“ და ქმნიან კომიქსებს, რომელიც ქალაქში არსებულ პრობლემებს ინოვაციური და საინტერესო ფორმით უსვამს ხაზს.


მიუხედავად არსებული მიღწევებისა, ქალაქში უამრავი პრობლემა რჩება და ცვლილებების გზაც გამოწვევებით არის სავსე. სამოქალაქო მოძრაობას სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა, იმის გააზრება, რომ ადამიანების ჩართულობის გარეშე ქალაქში არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება. ისეთი ადამიანების ჩართულობა სჭირდებათ, რომლებიც მზად არიან, იზრუნონ ქალაქზე, გაავრცელონ ინფორმაცია და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს, რომელიც თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს.


გახდი სასიკეთო ცვლილებების ნაწილი და იზრუნე შენს ქალაქზე.