ქალაქის მოსახლეობისთვის რთული წარმოსადგენია სივრცე, სადაც მოზარდს აქვს შემეცნების სურვილი, მაგრამ არ აქვს ამისთვის საჭირო რესურსი, მაგალითად წიგნი. მთაში ბევრი რაიონული ცენტრი არსებობს, სადაც წიგნების მაღაზიასაც კი ვერ იპოვი და ეს ჩვენთვისაც უსიამოვნო რეალობაა.
მოგზაურობას საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოვყავართ და სხვადასხვა ადამიანების კულტურასა და ცხოვრების წესს გვაცნობს. ერთ-ერთმა სამეგობრომ მთაში ყოველ ლაშქრობასა თუ მოგზაურობაში ტრადიციად დაამკვიდრა ბავშვების წიგნებით მომარაგება. შემდეგში უფრო მასშტაბური სახის მისაცემად მათ თანამოაზრეების მოძიება გადაწყვიტეს და ასე შეიქმნა 2022 წლის დასაწყისში ორგანიზაცია - ,,მთიელი წიგნები’’.
ჯგუფის ერთიანი ძალისხმევით უკვე 43 სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო წიგნებით და 1000-ზე მეტი მოზარდი გაბედნიერდა სხვადასხვა მთიანი მუნიციპალიტეტიდან. ჯგუფის დამფუძნებლების მიზანია, სრულიად საქართველოს მთიანი რეგიონები და მიმდებარე სოფლები მოიცვან და წიგნები შემატონ მცირე კონტიგენტიანი სკოლების ბიბლიოთეკებს.
მიზნის მისაღწევად მათ დაიწყეს კამპანია ,,დაუბრუნე წიგნი მთას’’.
შეუერთდი კამპანიას, გაწევრიანდი ჯგუფში ,,მთიელი წიგნები’’ და გააცანი შენი საყვარელი მწერლები მთაში მცხოვრებ ბავშვებს. მიეცი მათ საშუალება, გაიცნონ ის პერსონაჟები, რომლებთან შეხვედრის შესაძლებლობაც აქამდე არ ჰქონიათ.
ერთიანი ძალისხმევით რეალობის შეცვლა მარტივია, იზრუნე მაღალმთიანი რაიონების წიგნიერებაზე.