slide: ნაბიჯი სინათლისკენ — განვითარების აკადემია

ნაბიჯი სინათლისკენ — განვითარების აკადემია

იზრუნე ბავშვებზე
საკუთარ თავზე ყველა ბავშვი სხვადასხვანაირად გვიყვება. ზოგი სიტყვებით, ზოგი მზერით, მოძრაობით, მუსიკით, ინტერესით თუ ჟესტებით. მთავარია, შევძლოთ მათი მოსმენა, შესაძლებლობების აღმოჩენა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ მათგანს განვითარების საკუთარი გზა ექნება.

სწორედ ამ ხედვით შეიქმნა „ნაბიჯი სინათლისკენ“ - განვითარების აკადემია, რომლის დამფუძნებელი ნანა მეხუზლა წლების განმავლობაში ბავშვებთან მუშაობს. პროფესიით ლიტერატურის მასწავლებელს ბავშვებთან ურთიერთობამ ერთი მნიშვნელოვანი რამ დაანახა - თითოეულ მათგანს თავისი ენა აქვს. მოგვიანებით აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობამ კი მისი პროფესიული გზაც შეცვალა. ნანამ ქცევითი თერაპიისა და ენისა და მეტყველების მიმართულებით ცოდნა გაიღრმავა და გადაწყვიტა, შეექმნა სივრცე, სადაც ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და განვითარებაში დაეხმარებოდნენ.

ასე დაიწყო „ნაბიჯი სინათლისკენ“. აკადემიაში ბავშვებთან ერთად აქტიურად მუშაობენ მშობლებთანაც, რათა ისინი განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდნენ. შეიქმნა „მშობელთა კლუბი“, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებზე მორგებული ფეხბურთის თერაპია და მოძრაობითი თერაპია ცეკვის ელემენტებით. გუნდი კი მუდმივად ეძებს ახალ გზებს, რომლითაც ბავშვებს განვითარებისა და თვითგამოხატვის მეტ შესაძლებლობას მისცემს.

აკადემია რვა თვის წინ შეიქმნა და მისი მიზანია რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს თერაპიასთან ერთად ჰქონდეთ განათლების, სპორტის, თვითგამოხატვისა და დამოუკიდებლობის მეტი შესაძლებლობა.

ყველა ბავშვს აქვს უნარები, ინტერესები და განვითარების საკუთარი გზა. თუმცა აუცილებელია გარემო, რომელიც მათ აღმოჩენასა და რეალიზებაში დაეხმარება. შეუერთდი „ნაბიჯი სინათლისკენ“ განვითარების აკადემიას და იზრუნე, რომ უფრო მეტ ბავშვს ჰქონდეს სივრცე, სადაც მას დაინახავენ, მოუსმენენ და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარებიან.

 GE82BG0000000611451929