თუ შენც ფიქრობ, რომ ყველა ბავშვი ფერად, ლაღ და შემეცნებით გარემოში უნდა იზრდებოდეს, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი.
,,მეტი სათამაშო და წიგნი ბავშვებს’’ მოხალისეობრივი სახალხო დაფინანსების კამპანიაა. ამით ‘’ნეკერის’’ თანადამფუძნებლები ერთიანი ძალებით ბოლნისის ბაგა-ბაღების, ალტერნატიული სასკოლო მზაობის ჯგუფების 1300-მდე აღსაზრდელისთვის საგანმანათლებლო განმავითარებელ რესურსებს აგროვებენ.
საგანმანათლებლო რესურსში იდეის ავტორები მოიაზრებენ ბავშვებისთვის უსაფრთხო, ასაკის შესაბამის კუბებს/ლეგოებს კონსტრუქციების ასაგებად თუ ფიგურების შესაქმნელად, თემატურ ფაზლებს და ლოტოებს, თოჯინებს, მანქანებს, თანამედროვე ილუსტრირებულ საბავშვო წიგნებს და სხვა ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის სასურველ ნივთებს…
ამ განმავითარებელი რესურსების გაერთიანებით ისინი შეძლებენ, 2023 წელს ბოლნისის ბაღებში შეიტანონ ბედნიერება, სილაღე, განვითარების მუხტი. ეს ყველაფერი საინტერესო თამაშით, წიგნის კითხვითა და შემეცნების სიხარულით მიიღწევა, შენ კი შეგიძლია ამის ნაწილი გახდე.
თუ გსურს, ყველა ბავშვისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის იდეა რეალობად აქციო, ჩაერთე მოხალისეობრივ კამპანიაში და იზრუნე ბავშვების სახალისო განვითარებაზე.