ადამიანების გასაჭირის შესახებ ყოველთვის არ ვფლობთ ინფორმაციას. ზოგს დახმარების თხოვნა უჭირს, ზოგმა არ იცის, ვის მიმართოს, ზოგს კი საკუთარი მდგომარეობის შესახებ საუბრის საშუალებაც არ აქვს. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავად შევამჩნიოთ ადამიანების საჭიროებები და ვიზრუნოთ მათზე.
„სიკეთის ნერგის“ ისტორია ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს სწორედ ამ პასუხისმგებლობის განცდით დაიწყო. მოხალისეობრივი საქმიანობა, რომლის მიზანიც რთულ პირობებში აღმოჩენილი ადამიანების დახმარება იყო, წლების განმავლობაში სულ უფრო ფართოვდებოდა და 2018 წელს ოფიციალური ორგანიზაციის სახე მიიღო.
დღეს „სიკეთის ნერგის“ გუნდი თავად ეძებს ადამიანებს, რომელთა პრობლემებიც ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. მოხალისეები კარდაკარ დადიან, ოჯახებს საკვებითა და შეშით ამარაგებენ, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში ეხმარებიან, ხანდაზმულები ექიმებთან დაჰყავთ და მათთვის საჭირო მედიკამენტებსა და მოვლის საშუალებებზე ზრუნავენ.
ათწლეულების წინ დარგული სიკეთის იდეა დღეს უკვე ახალი თაობის ჩართულობით იზრდება. ორგანიზაციის საქმიანობაში ახალგაზრდა მოხალისეებიც ერთვებიან, რომლებიც უფროსებთან ერთად სტუმრობენ ოჯახებს და ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ ემპათიას, სოციალურ პასუხისმგებლობასა და ერთმანეთზე ზრუნვის მნიშვნელობას. ასე იქცა მოხალისეობრივი ინიციატივა თაობიდან - თაობას გადაცემულ ღირებულებად.
სიკეთეს ის ადამიანები ავრცელებენ, რომლებიც სხვისი ცხოვრების გაუმჯობესებაში საკუთარ როლს ხედავენ. შენც შეგიძლია, წვლილი შეიტანო ‘’სიკეთის ნერგის’’ საქმიანობაში და ადამიანებს იმის რწმენა დაუბრუნო, რომ ‘’არავინ არის მარტო’’.
მხარი დაუჭირე „სიკეთის ნერგს“
GE94TB7753536080100012