ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად უმძიმესი შედეგით სრულდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ავტომობილის მგზავრები ბავშვები არიან.
ეს არის ისტორია უდიდეს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასა და მთავარ მისიაზე - ბავშვების უსაფრთხო მგზავრობა აღარაფერმა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ! სამწუხაროდ, ყველაფერი ტრაგიკული შემთხვევით იწყება, რომელიც 2016 წელს გერმანელი ანდრეას აპელდორნის ოჯახში მოხდა. საქართველოში მან ავტოსაგზაო შემთხვევისას 6 წლის ქალიშვილი დაკარგა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, ეზრუნა ქართველი ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებაზე.
ანდრეასმა შეიძინა სამგზავრო სავარძლები და დააარსა ფონდი „ელი“. ამ ფონდმა 450 ოჯახს საჩუქრად გადასცა სამგზავრო სავარძელი, რათა მათ ბავშვებს უსაფრთხოდ ემგზავრათ. მისიამ უფრო მასშტაბური სახე მიიღო და 2020 წლის 16 აპრილს შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat.
Your Car Seat-ის მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი მცირეწლოვანი მგზავრობდეს უსაფრთხოდ სამგზავრო სავარძლის გამოყენებით. ორგანიზაციის დამფუძნებლები მშობლებს ინფორმაციასა და რჩევებს უზიარებენ. ამ დროის განმავლობაში კონსულტაცია გაუწიეს 10,000-ზე მეტ მშობელს და რაც მთავარია, მრავლად დააგროვეს წარმატების ისეთი შემთხვევები, როდესაც სავარძლის გამოყენებით ბავშვები უვნებლები გადარჩნენ.
ორგანიზაციას განვითარებაში მისი წევრების უშრეტი ენთუზიაზმი და ზრუნვის მოტივაცია ეხმარება, თუმცა საზოგადოების ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თითოეული დონაცია მათ საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინონ ხმა სავარძლის მნიშვნელობაზე და მინიმუმამდე შეამცირონ ბავშვების ზიანი ავტოშემთხვევებისას.
იზრუნე, რომ ერთად შევქმნათ უფრო ნათელი და უსაფრთხო გარემო მომავალი თაობისთვის.
ანგარიშის ნომერი : GE39TB7759236020100009