slide: ზაქარიას კეთილი მანქანა

ზაქარიას კეთილი მანქანა

იზრუნე მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობაზე
წარმოიდგინე მანქანა, რომელსაც მხოლოდ სიკეთე და სხვებზე ზრუნვა ამოძრავებს. ახლა წარმოიდგინე 200 000 კილომეტრი და ასობით კეთილი საქმე. ეს ზაქარია დოლიძის მიერ 6 წლის მანძილზე გავლილი გზაა. თუმცა საინტერესოა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. 

6 წლის წინ ზაქარიას სურდა, გადაერჩინა საკუთარი შინაური ცხოველი და სოციალურ ქსელში ისეთ ჯგუფებში გაწევრიანდა, სადაც სხვა დაუცველ ცხოველებზე იდებოდა ინფორმაცია. საკუთარი ძაღლი გადაარჩინა, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ ქუჩებში უამრავი ცხოველი რჩებოდა, რომელზეც არავინ ზრუნავდა, არადა სასწრაფოდ საჭიროებდა ადამიანების დახმარებას. 
 
ჩვენ ხანდახან ველოდებით, რომ კეთილი საქმეები სხვებმა უნდა წამოიწყონ და შემდეგ ჩვენ გვერდში დავუდგებით, მაგრამ ზაქარიამ ეს ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო. პირველ რიგში შექმნა სოციალური პლატფორმა, სადაც დღემდე უზიარებს საჭიროებებსა და სიახლეებს საკუთარ აუდიტორიას. მოკლედ სიკეთის მანქანა დაიძრა და გზად უამრავი თანამოაზრე შემოიკრიბა.  
 
ზაქარიას უკვე 1600-მდე დაუცველი არსება ჰყავს გადარჩენილი, ყოველდღიურად ცდილობს ცნობიერება აუმაღლოს ბავშვებს, რათა სწორედ ამ ასაკიდან გაიაზრონ ზრუნვის მნიშვნელობა. მასვე ეკუთვნის ინოვაციური ეტლის იდეა, რომელიც უპრეცედენტოა ამიერ კავკასიაში და შეზღუდული შესაძლებლობის ცხოველებისთვის გამოიყენება. ზაქარიას კეთილ ამბებს მერვე კლასის სახელმძღვანელოშიც შეხვდებით, მასზე ასევე იწერება სტატიები ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორიცაა ‘’Forbes’’, ‘’National Geographic’’, ‘’World Animals’’ და ა.შ. 
 
ზაქარიასთვის სიკეთის კეთება უკვე ჰობად იქცა და ამის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოუდგენია. ახლა მიზნად ახალი მანქანის შეძენას ისახავს, რათა კიდევ ათასობით კილომეტრი დაფაროს ზრუნვასა და სიყვარულში. 
მხარი დაუჭირე ზაქარიას ინიციატივას და იზრუნე, რომ მისი კეთილი მანქანა არასოდეს გაჩერდეს სიკეთის გზაზე. 
 
ანგარიშის ნომერი: GE25BG0000000498870196