სოფლის ჭიშკართან შვილებისა და შვილიშვილების მომლოდინე ბებია ან პაპა ალბათ ყველა ადამიანის მეხსიერებაშია. ჩვენ ყოველთვის ტკბილად გვახსენდება მათთან გატარებული დრო, მაგრამ ვერც წარმოვიდგენთ, რომ ისინი ხშირად თავს მარტოსულად, უსარგებლოდ ან დათრგუნულად გრძნობენ.
ზოგიერთ ხანდაზმულ ადამიანს მთელი წლის განმავლობაში ხმის გამცემიც კი არ ჰყავს, არადა რამხელა ცოდნა და გამოცდილება აქვთ გასაზიარებელი, რამდენი ამბავი მოსაყოლი…
,,60+ ბებია-პაპების კლუბი’’ აერთიანებს თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბებია-პაპებს, რომლებსაც სურთ, რომ ხანდაზმულობა გაიმრავალფეროვნონ და სიცოცხლეს ახალი ხალისი შესძინონ. კლუბი დააფუძნა ხუთმა 60 წელს გადაცილებულმა ადამიანმა და მათი მთავარი მიზანი ღირსეული დაბერებისა და სოციალიზაციის ხელშეწყობაა.
კლუბში უკვე გაწევრიანებულია 100-მდე ადამიანი, რომელთაგან ზოგიერთი ყოფილი ექიმია, ზოგიც მასწავლებელი, მოცეკვავე, იურისტი თუ მსახიობი. თითოეული მათგანის მიღმა ინდივიდუალური ისტორია და შესაძლებლობებია. კლუბის შემქმნელებს სჯერათ, რომ ისევ შეუძლიათ საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით საზოგადოებას გამოადგნენ, ერთმანეთს ყოველდღიურობა გაუხალისონ, ჩაერთონ შემეცნებით აქტივობებში და საკუთარი უნარები გამოსცადონ.
,,60+ ბებია-პაპების კლუბში’’ ყველანაირი ინტერესის ბებია ან პაპა იპოვის საკუთარ ადგილს, რადგან კლუბის წევრების იდეების სია უსასრულოა. აქ გაიმართება კონკურსები, თეატრალური წარმოდგენები, მხატვრული კითხვის საღამოები, კოსტუმირებული წვეულებები, ყველა ხანდაზმული შეძლებს საკუთარ ნიჭის რეალიზებას - მხატვრობაში, ლიტერატურაში, ცეკვაში, კინოსა თუ სპორტში.
ალბათ უკვე წარმოიდგინე ბედნიერი ბებიები და პაპები, ერთმანეთს რომ ეცეკვებიან, ებაასებიან, თამაშობენ, იცინიან, სიცოცხლეს ახალ სულს ჰბერავენ… ეს ყველაფერი რომ რეალობად იქცეს, მათ სჭირდებათ საერთო სივრცე, სადაც შეიკრიბებიან, ღონისძიებებს დაგეგმავენ, ერთმანეთს იდეებს გაუზიარებენ და შემდეგ განახორციელებენ.
კლუბს ამ სივრცის მოწყობაში საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.
იზრუნე თელავში მცხოვრები ბებია-პაპების კლუბის განვითარებაზე და შეცვალე მათი სამყარო უკეთესობისკენ.
ანგარიშის ნომერი : GE59lLBO115117114884000