slide: ედენა

ედენა


პერსონალური ინფორმაცია

ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს, რომ სოფლად ან რაიონში ცხოვრება მოსაწყენია და იქ, დედაქალაქისგან განსხვავებით, განსაკუთრებული არაფერი ხდება. თუმცა ეს ასე სულაც არ არის. მით უმეტეს მაშინ, როცა ადამიანები ცდილობენ, ყოველდღიურობა გაიმრავალფეროვნონ და ერთმანეთს განვითარებაში დაეხმარონ. 

სწორედ ასეთი ადამიანებისგან შედგება სოციალური საწარმო ედენა, რომელმაც დაარსების დღიდან მთავარ მიზნად რაჭაში ქალების ეკონომიკური გაძლიერება დაისახა. მათ ეს მისია ტრადიციული რეწვის რამდენიმე დარგს დაუკავშირეს და ონში გახსნეს სახელოსნო, რომელიც ქართულ სუვენირებსა და სასაჩუქრე ნივთებს ქმნის, ამით კი მომხმარებელს ემოციურ კავშირს უჩენს რაჭასთან. 

სოციალურ საწარმო ედენაში 2015 წლიდან დღემდე 70-მდე ახალგაზრდა ქალი გადამზადდა, 15 კი - დასაქმდა. ამ სივრცეში წარმატებით განხორციელდა არაერთი პროექტი ქალთა გასაძლიერებლად. აქ დასაქმებული ადამიანები ყოველდღიურად ქმნიან ხუთი სხვადასხვა ტექნოლოგიისა და მრავალფეროვანი ასორტიმენტის 30-მდე სახეობის პროდუქტს. 

ედენაში სჯერათ ადამიანის შესაძლებლობების და ისიც იციან, რომ საყვარელი საქმის კეთებით არასდროს მოიწყენ. სწორედ ამიტომ,  სურთ, რომ გასცდნენ ქალაქის საზღვრებს და სოფლებში მცხოვრებ ქალებსაც გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.

შეუერთდი ედენას ინიციატივას, მათთან ერთად გააფართოვე შესაძლებლობების სივრცე და შეცვალე რეგიონში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა უკეთესობისკენ. 

იზრუნე, რომ მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს ნიჭი საკუთარ თავში და უფრო მყარად განაგრძოს სვლა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.