ჩვენ ვცხოვრობთ მრავალფეროვანი ინდივიდებისა და შესაძლებლობების სამყაროში, თუმცა განსხვავებულის გაგება და მიღება, დღემდე გამოწვევად რჩება. მაგალითად, ჩვენს საზოგადოებაში სულ უფრო იზრდება აუტიზმის მქონე ადამიანების რიცხვი, რომლებიც თავიანთი უნიკალური უნარებისა და გონების საშუალებით დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ რეალიზებას, სოციუმში ინტეგრაციასა და სრულფასოვან ცხოვრებას.
,,აუტიზმის ეროვნული ცენტრი’’-ფერადი ქალაქი კი არის ორგანიზაცია, რომლის მიზანიც სწორედ ასეთი ადამიანების გაბედნიერება და ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც მათი შესაძლებლობები რეალიზებული იქნება.
„აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი“, რომელიც აშენებს აუტიზმის ეროვნულ ცენტრს- ფერად ქალაქს, 2015 წელს აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების მიერ შეიქმნა. ცენტრის იდეა პასუხობს მშობლების მთავარ კითხვას - ,,რა იქნება ჩემ შემდეგ?’’, რადგან ისინი იაზრებენ, რომ ვერ შეძლებენ ყოველთვის საკუთარი შვილების გვერდით ყოფნას, ამიტომ თავად უნდა შექმნან გარემო, სადაც აუტიზმის მქონე ადამიანები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს შეიძენენ.
სწორედ ამ მშობლებმა შექმნეს საქართველოში პირველი აუტიზმის ბავშვთა ცენტრი საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკული მოდელის შესაბამისად. ბავშვები ახლა არაერთ ცენტრში იღებენ შესაბამის მომსახურებას, თუმცა 18 წლიდან მოზარდებისთვის კვლავ არაფერია. ორგანიზაცია დღეს, საზოგადოების მხარდაჭერით აშენებს ფერად ქალაქს, სადაც იქნება კოტეჯები, სპორტული მოედანი და ცენტრალური სასწავლო კომპლექსი, ინკლუზიური სივრცეები, სადაც ისინი ისწავლიან მებაღეობას, ხელობას და ეცდებიან საკუთარი ნიჭის რეალიზებას.
ფერად ქალაქში უკვე 5 კოტეჯია აშენებული, სრულდება მეექვსე კოტეჯის მშენებლობა. სიკეთის ინიციატივაში ჩართვა კი ნებისმიერ ინდივიდსა თუ კომპანიას შეუძლია. აუტიზმის ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აუტიზმის მქონე ადამიანებს უფუნქციო და კარჩაკეტილი ცხოვრება არ ელოდებათ, უფრო მეტიც, ისინი შეძლებენ, საზოგადოებრივი დოვლათის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა.
ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ ერთიანი პასუხისმგებლობით ყველა დაბრკოლება გადაილახება. იზრუნე აუტიზმის მქონე მოზარდების მომავალზე