,,გოგო ხარ და არ შეგეფერება!‘’
,,ფეხბურთი რა ქალის საქმეა!‘’
ეს ნაცნობი ფრაზებია, რომლითაც ბავშვობიდან განგვისაზღვრეს, რომელი პროფესია რომელ სქესს შეეფერებოდა. საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების გამო ბევრ გოგოს უთქვამს უარი საკუთარი მიზნებისა და ოცნებებისთვის. თუმცა საბედნიეროდ, არიან ისეთებიც, რომლებმაც საკუთარი ინტერესებისთვის იბრძოლეს და თავის დამკვიდრება მასკულინურ სფეროებში სცადეს.
ქალთა საფეხბურთო კლუბი ,,ვერე’’ სწორედ ასეთ შეუპოვარ გოგოებს აერთიანებს. კლუბი 2022 წელს თბილისში დაარსდა და მისი მიზანია, შექმნას უსაფრთხო, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო პერსპექტიული და ნიჭიერი ქალი ფეხბურთელებისთვის.
აღსანიშნია 2023 წლის ქალთა ლიგა, სადაც სადებიუტო სეზონში მესამე ადგილი მოიპოვეს და ახლოს იყვნენ ჩემპიონობასთან. კლუბში დღეს 22 ფეხბურთელი ქალი ირიცხება და თითოეულს ერთი მიზანი ამოძრავებს - ,,ვერე’’ გახდეს საქართველოს ქალთა ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი და საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ საკუთარი ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე ვერაფერი შეგაჩერებს.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქალთა ფეხბურთს იმაზე მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე ოდესმე, ფინანსური მხარე დღემდე დიდ გამოწვევად რჩება. დაბრკოლებების გზაზე კლუბს პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება, რათა უფრო მეტ გოგოს, მათ ოჯახებსა და საზოგადოებას თანასწორობის მნიშვნელობა დაანახოს და გააძლიეროს ქალების როლი სპორტის მასკულინურ სახეობაში.
თუ ფიქრობ, რომ ფეხბურთი სოციალური მოვლენაა და ყველა ადამიანი იმსახურებს თანაბარ პირობებს საკუთარი ინტერესების გასავითარებლად, მხარი დაუჭირე ,,ვერეს’’.
იზრუნე თანასწორობაზე, იზრუნე ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე.