ალბათ , ხშირად გსმენია, რომ კიბოს დიაგნოზი განაჩენი არ არის, თუმცა, რთული წარმოსადგენია, ონკოპაციენტებს კიბოზე გასამარჯვებლად რა გზების გავლა უწევთ ასეთ დროს, პაციენტის ოჯახმაც კი არ იცის, როგორ გამოხატოს სათანადო თანადგომა, არადა, გარშემომყოფების როლი უმნიშვნელოვანესია.
ადამიანები, რომლებმაც კიბოზე გაიმარჯვეს, ხშირად ცდილობენ, ონკოპაციენტებსა და მათ ოჯახის წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ და ის გზა გაუმარტივონ, რომელიც თავადაც გაიარეს. ონკოლაინ ჯორჯია სწორედ ასეთ ადამიანებს აერთიანებს, ხოლო, მისი დამფუძნებელი ყოფილი ონკოპაციენტი -სოფო ფირანიშვილია.
კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია 2020 წლიდან აქტიურად მუშაობს ცნობიერების ამაღლებაზე და ცდილობს, ჯანმრთელობის პერიოდული მონიტორინგი ცხოვრების წესად და ქცევის ნორმად აქციოს. ონკოლაინ ჯორჯიაში სჯერათ, რომ დიაგნოზის შესახებ დროული ინფორმირება საფრთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამიტომ, მათი მთავარი მიზანი კიბოს სკრინინგის პოპულარიზაცია, პაციენტის საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და სერვისების შემუშავებაა.
ქალთა ჯანმრთელობისა და ონკოლოგიური რისკების შესამცირებლად ონკოლაინ ჯორჯია მთელი წლის განმავლობაში საინფორმაციო- საგანმანათლებლო შეხვედრებსა და სკრინინგ აქციებს აორგანიზებს. განსაკუთრებით, რეგიონებში, სადაც, ინფორმაციისა და სადიაგნოსტიკო კვლევების მნიშვნელოვანი დეფიციტია.
კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა რომ გაცილებით ზრდის მკურნალობის ეფექტურობას- ეს ყოველმხრივ დადასტურებული და აღიარებული ფაქტია და აქტიურ სკრინგსა და მონიტორინგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ორგანიზაცია მოიცავს ონკოკლუბსაც, რომელიც 6300 -მდე ონკოპაციენტსა და მათ ოჯახის წევრებს აერთიანებს. ეს არის სივრცე, სადაც, ადამიანები ერთმანეთს ემოციებსა და გამოცდილებას უზიარებენ.
თუ შენც გჯერა, რომ ცხოვრებაში გარკვეული სოციალურ- საზოგადოებრივი ნაბიჯები ერთად უნდა გადავდგათ, მხარი დაუჭირე კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაციას. დღეს, მათი პრიორიტეტი ჯანმრთელობაა, მთავარი ღირებულება კი - სხვებზე ზრუნვა.