slide: ლიდერი

ლიდერი


პერსონალური ინფორმაცია

ახალი წელი ჯადოსნურია, მაგრამ გიფიქრია — რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ საათის ისრის ერთი ჩამოკვრა, ახალი დასაწყისის მანიშნებელია? 

ახლა კი, წარმოიდგინე, რამდენად ჯადოსნურია იცოდე, რომ ამ ახალ წელს, შეგიძლია საკუთარი თავის გარდა, ახალი დასაწყისი სხვებსაც აჩუქო. მაგალითად, სოციალურად დაუცველ და დევნილ ქალებს. 

სოციალური სამკერვალო „ლიდერი“ ქალაქ გორში, 2016 წელს დაარსდა. სამკერვალოს ძირითადი საქმიანობა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისა თუ გოგონების დასაქმებასა და გაძლიერებას მოიცავს. საწარმო ყოველწლიურად ფართოვდება — ამ ეტაპზე, დასაქმებულია 26 ქალი, მათ შორის: შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, იძულებით გადაადგილებული პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, ე.წ. გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლები და მარტოხელა დედები. 

თითოეულ მათგანს ერთი მთავარი მიზანი ამოძრავებს — მოიპოვოს ფინანსური დამოუკიდებლობა და საკუთარი შრომით, სრულიად ახალი ცხოვრება წამოიწყოს. ამ მიზნის მისაღწევად კი, არა მხოლოდ მათი, არამედ, საზოგადოების ძალისხმევაცაა საჭირო. 

და აი, რატომ — „ლიდერში“ დასაქმებული ყველა ქალი საკუთარ საკერავ მანქანაზე ოცნებობს. მანქანაზე, რომელიც მათთვის, ერთდროულად, სტაბილური შემოსავლის წყარო, პროფესიული უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობა და საუკეთესო მეგზურია ახალი ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე. 

შენ მიერ გადმორიცხული რამდენიმე ლარითაც კი, შეგიძლია მათი ოცნების ასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის წამოწყებაში საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანო. 


იზრუნე, რომ ეს წელი სოციალურად დაუცველი და დევნილი ქალებისთვის ჯადოსნური იყოს.