თუ კითხვა გიყვარს, მაშინ გეცოდინება, რა სასიამოვნოა, როცა წიგნებით გასაჩუქრებენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ მაღალმთიან სოფელში ცხოვრობ და ახალ-ახალ საკითხავთან წვდომა არ გაქვს.
”Bookmobile”, იგივე — „მოგზაური ბიბლიოთეკა” „გაზეთ ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” პროექტია, რომელიც მაღალმთიან სოფლებში კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. „მოგზაური ბიბლიოთეკის” მულტიფუნქციური ავტომანქანა სხვადასხვა ორგანიზაციის, გამომცემლობისა თუ უბრალოდ, ზრუნვის მსურველი ადამიანების დახმარებით, აჭარის მაღალმთიან სოფლებში მოგზაურობს და ადგილობრივ ბიბლიოთეკებს 700-მდე დასახელების წიგნით ამარაგებს.
თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია შენი წიგნიც გაატანო და მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკის თაროზე შენი წილი მზრუნველობაც შემოდო.
ასე რომ, გადაავლე თვალი შენს ბიბლიოთეკას და იზრუნე, რომ ეს ახალი წელი მაღალმთიანი სოფლების მკითხველებისთვისაც ჯადოსნური იყოს.
გახსოვდეს, რომ წიგნი, რომელსაც „მოგზაურ ბიბლიოთეკას” გაატან, უნდა იყოს გამოუყენებელი, ან ძალიან კარგ მდგომარეობაში.