ჩვენ ყველა ერთ დიდ სახლში ვცხოვრობთ და მასზე ზრუნვაც საერთო პასუხისმგებლობაა. ხანდახან გვავიწყდება, რამხელა ზიანს ვაყენებთ გარემოს ადამიანები და ვერ ვიაზრებთ იმ სარგებელს, რომლის მოტანაც თუნდაც ერთი ხის დარგვით შეგვიძლია.
პროექტის ‘’ნაპირზე’’ შემქმნელები საკუთარ შესაძლებლობებში წლების წინ დარწმუნდნენ. აქ ერთიანდებიან ენთუზიასტი მეგობრები, რომლებსაც სჯერათ, რომ სამყაროს ცვლილება გარემოზე ზრუნვით იწყება. ამიტომ გადაწყვიტეს, საკუთარ ქალაქში მდინარისპირა ტყე გაეშენებინათ და ასე დაიწყო რუსთავის ჭალის აღდგენის პროცესი.
ამ ადგილზე ადრე 300 ჰექტარამდე ბუნებრივი ტყე იყო, სადაც წავებიც კი ბინადრობდნენ. ტყე ბიომრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თუმცა 90-იანი წლების სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ რუსთავის მოსახლეობა აიძულა, ჭალის რესურსისთვის მიემართა. თვითგადარჩენის პროცესში ისინი ვერც კი იაზრებდნენ, რომ ეკოსისტემას მნიშვნელოვან ზიანს აყენებდნენ. საბედნიეროდ, მისი აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია და ამ პროექტის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის.
სანამ იდეა პროექტის სახეს მიიღებდა, მეგობრებმა ძველი გარაჟი დაანგრიეს და სანერგე ააშენეს, ამას მოჰყვა ურბანული ბაღი, რომელიც ღონისძიებებსა და სტუმრებს დღემდე მასპინძლობს. პროექტს უკვე არაერთი მიღწევა აქვს, შემუშავებულია ჭალის განვითარების სტრატეგიაც და სამომავლოდ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს მთლიანად მდინარე მტკვრის რეაბილიტაციის სახით.
მიზნისკენ მათი სვლა შეუჩერებელია, თუმცა ამ გზაზე საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ. გამოწვევა ნათელია და მისი გადალახვა მხოლოდ საერთო ძალისხმევითაა შესაძლებელი. იზრუნე რუსთავის ჭალის გადარჩენაზე და შეცვალე გარემო უკეთესობისკენ.