ცოდნას ვერავინ წაგვართმევს, მაგრამ ხომ შეიძლება, სოფელში გაქრეს ბიბლიოთეკა, სადაც ადამიანები მსოფლმხედველობას იფართოებენ? ამის თავიდან ასაცილებლად, სოფელ ონტოფოში ახალი ადამიანები საუკუნოვანი იდეის დაცვასა და განვითარებას ცდილობენ.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხარდაჭერითა და ადგილობრივების ძალისხმევით ონტოფოს პირველი ბიბლიოთეკა 1912 წელს დაარსდა. ისინი ზრუნავდნენ მის განვითარებასა და შენარჩუნებაზე. 111 წლის შემდეგ ტრადიციულმა სივრცემ ახალი მიზნები დაისახა, რისი საბოლოო განხორციელებაც ერთიანი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია.
ონტოფოს ბიბლიოთეკის განახლების მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესება და მათი ცოდნის გამრავალფეროვნებაა. სამზრუნველოს ინიციატივით ბიბლიოთეკა უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივ ცენტრად, სადაც განახლებულ სამკითხველოსა და საბავშვო სივრცეში ტექნოლოგიები იქნება ხელმისაწვდომი, განახლებულ სივრცეში ჩატარდება ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები, ასევე ბიბლიოთეკა უმასპინძლებს კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
წარმოიდგინე, რომ ყველა სოფელში არსებობს ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ცოდნის და ცნობისმოყვარე ახალგაზრდები ძიების პროცესში არიან, ვითარდებიან, ყოველდღე ახალს სწავლობენ. ასეთი სივრცეების არსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს სოფლიდან ქალაქში გადინების მაჩვენებელს და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთავს სოფელში მცხოვრებთა ყოველდღიურობას.
ონტოფოს ბიბლიოთეკის აღდგენის ინიციატორებმა სივრცის განახლება უკვე მოახერხეს, მისი ტექნოლოგიური აღჭურვისთვის კი ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
თუ გჯერა, რომ ცოდნა და განათლება საუკეთესო იარაღია სამყაროს შესაცვლელად, შეიტანე შენი წვლილი ბიბლიოთეკის განახლებაში და შექმენი ახალი შესაძლებლობები მომავალი თაობისთვის.
ანგარიშის ნომრები :
GE08BG0000000161681915
GE16TB7647745061100123