ადამიანები ხშირად ვივიწყებთ, რომ გარემოზე ზრუნვა პლანეტის თითოეული წევრის პასუხისმგებლობაა.
საბედნიეროდ, არსებობს სხვადასხვა ორგანიზაცია, რომელიც ამას გვახსენებს და ჩვენში პასუხისმგებლობის გრძნობას აღვიძებს.
ერთ-ერთი ასეთი გაერთიანება არის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარკი არ მინდა’’, რომელიც ორმა მეგობარმა დააარსა. მისი მიზანი საქართველოში ეკომეგობრული ცხოვრების წესის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ამის მისაღწევად ორგანიზაციის წევრებმა უკვე შექმნეს რამდენიმე პროდუქტი და განახორციელეს სხვადასხვა მწვანე აქტივობა. მაგალითად, ნაჭრის ჩანთა, ეკოტაქსი, ეკონეთვორქინგი, საჯარო საუბრები, შაბათობები, Clean Game-ები და სვოპ წვეულებები. დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია საკუთარი ნარჩენების მართვაზე სწორედ იმ გავლენის გამო, რომელსაც გარემოზე ახდენს. რაც მთავარია, მათ სჯერათ, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს უფრო პასუხიმგებლობიანი გარემოს მიმართ.
თუ აღმოაჩინე, რომ ეკომეგობრულად არ ცხოვრობ, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს - დღესვე შეგიძლია შეცვალო ცხოვრების წესი. ნუ გადაყრი სასარგებლო ნარჩენებს, ეკოტაქსის საშუალებით ისინი ორგანიზაციას ,,პარკი არ მინდა’’ ჩააბარე და იზრუნე მათ მეორად გამოყენებაზე. სასიკეთო ცვლილებების განხორციელება ხომ მარტივი და სასარგებლოა, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარესამყაროსთვის.