„პირველი ნაბიჯი”-ს დღის ცენტრი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები თერაპიულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის საჭირო მომსახურებებს სრულიად უსასყიდლოდ იღებენ.
თუ შენ ამ ორგანიზაციას დაეხმარები, ის ბავშვებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოციალურ ინტეგრაციაში დაეხმარება. შეიძლება უკვე დონაციის ღილაკს ეძებ, თუმცა, ჩვენ მაინც უფრო მეტს გიამბობთ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი” 23 წელზე მეტია ფუნქციონირებს და 10-ზე მეტი პროგრამით, ყოველთვიურად, 900-ზე მეტ ბავშვს უწევს მომსახურებას. კონსულტაციის/თერაპიის ცენტრი ადრეული ასაკის ბავშვებს და მათ მშობლებს ემსახურება, დღის ცენტრის/ბინაზე მოვლის პროგრამები კი, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების, ასევე ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით გამოხატული სხვა გონებრივი ჩამორჩენის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს.
დღის ცენტრის ბენეფიციარების უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა. ორგანიზაცია მათ ორჯერად კვებას, ტრანსპორტირებასა და დილიდან საღამომდე, სპეციალისტების მომსახურებას უფინანსებს.
ჯადოსნურ ახალ წელს ყველა ბავშვი იმსახურებს. თუ დახმარების სურვილი გაქვს, შეგიძლია მცირედი თანხა თავადაც გადარიცხო და იზრუნო, რომ ეს წელი ყველასთვის ჯადოსნური იყოს.