slide: SmartPaw • სმარტფო

SmartPaw • სმარტფო

იზრუნე მიუსაფარი ცხოველების კეთილდღეობაზე
ქუჩაში ხშირად ვხვდებით ოთხფეხა მეგობრებს, რომლებიც თითქოს საკუთარ თავს არიან მინდობილები. ხანდახან საკვებსაც ვუტოვებთ, წყალსაც, ან უბრალოდ ვნატრობთ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ჩვენ სწორად ვეხმარებით ან ამ დახმარებას სისტემური ხასიათი აქვს. არათანაბარი პორციები და გარემოს დაბინძურება საბოლოოდ იმ რეალობას იწვევს, რომლის გააზრებამაც ,,სმარტფოს’’ ახალ ისტორიას დაუდო საფუძველი. 

,,სმარტფო’’ არის სტარტაპი, რომლის გუნდის წევრებიც საკუთარი შინაური ცხოველების მოვლისას არაერთ გამოწვევას გადააწყდნენ: ხარისხიანი პროდუქტის დეფიციტი, ინფორმაციის სიმწირე, ერთიანი სტანდარტის არარსებობა. ამ გამოცდილებით ნათელი იყო, რომ პრობლემა უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე წარმოედგინათ. მიუსაფარი ცხოველების მოვლის მიმართ არ არსებობს სისტემური მიდგომა - სხვადასხვა დროს დატოვებული განსხვავებული საკვები და პლასტმასის შეფუთვები საბოლოოდ ზიანს აყენებს ცხოველების ჯანმრთელობასა და ქალაქის ეკოსისტემას. 

კომპანიამ შეიმუშავა პროგრამა ,,აკეთე სიკეთე სწორად’’, რომლის ფარგლებშიც ,,სმარტფო’’ მცირე და საშუალო ბიზნესებს სთავაზობს თანამედროვე, ჭკვიან დისპენსერებს - SmartPaw Feeder-ებს, რომელიც საკვებს დოზირებულად და განსაზღვრულ დროს ანაწილებს. ეს კი უზრუნველყოფს სტაბილურ კვებას, ნაკლებ ნარჩენს, უფრო ჯანმრთელ ოთხფეხა მეგობრებსა და სუფთა გარემოს. აპარატების მონტაჟი, მოვლა და მომსახურება სრულიად უფასოა, საჭიროა მხოლოდ საკვების შეძენა, ერთი ძაღლის გამოკვების საფასური კი დაახლოებით 2 ლარია. 

აღნიშნულ პროგრამას აქვს მეორე მიმართულებაც, რომელიც ცხოველების საკვების ტომრების გადამუშავებას და ეკოლოგიური აქსესუარების წარმოებას გულისხმობს. მიღებული შემოსავლების ნაწილი კი ისევ მიუსაფარი ცხოველების გამოკვებასა და დამატებით აქტივობებს მოხმარდება.

,,სმარტფოს’’ მიზანია, რომ ზრუნვა გახდეს სტრუქტურიზებული, პასუხისმგებლიანი და გრძელვადიანი პროცესი. ამისთვის იქმნება ზრუნვის პლატფორმა www.smartcare.ge - სადაც თითოეულ მხარდამჭერს სრული ინფორმაცია მიეწოდება აქტივობებისა და ფინანსების განაწილების შესახებ. თუ შენც გჯერა, რომ კეთილი განზრახვა სწორ ქმედებებად უნდა იქცეს, შეუერთდი ინიციატივას როგორც ბიზნესი ან დაეხმარე დონაციის საშუალებით. იზრუნე მიუსაფარ ცხოველებზე - ,,აკეთე სიკეთე სწორად’’. 


GE49TB7142636020100007 
GE40BG0000000606083250