slide: სოციალური საწარმო ორბის ბუდე

სოციალური საწარმო ორბის ბუდე


პერსონალური ინფორმაცია

გიფიქრია, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც სხვების ახალ აღმოჩენებამდე მიყვანა ცხოვრების მიზანს წარმოადგენს. ისინი, თითქოს, გრძნობენ დამალულ სივრცეებს, ბილიკების ენა იციან და ადამიანებს აქეთ მიმავალ გზებს უკვალავენ. სწორედ ასეთი ადამიანების მიერ შეიქმნა ორბის ბუდე, სოციალური სივრცე, რომელსაც გამორჩეული მისია აქვს. 

მისი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს და აღმოაჩენინოს საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქის "სამშვილდეს" ამოუწურავი შესაძლებლობები; ჩამოსულ სტუმარს ახალი ადგილები, შეგრძნებები და შთაბეჭდილებები აპოვნინოს, ადგილობრივ მოსახლეობას კი ეს უნიკალური გარემო ახლებურად, განვითარების და წარმატების შესაძლებლობად დაანახოს. 

ორბის ბუდე ქვემო ქართლში, სოფელ სამშვილდეში 2022 წელს დაარსდა. სამშვილდეში მოგზაურობის გაზრდილმა ინტერესმა, საფუძველი ჩაუყარა სივრცის იდეას, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ღამის გათევა, დასვენება, ადგილობრივი ტრადიციების გაცნობა და კერძების დაგემოვნება; სამოგზაურო მარშრუტების შერჩევა და პროფესიონალ მეგზურთან ერთად საინტერესო ადგილების დალაშქვრა; ისტორიული ადგილების დათვალიერება ან უბრალოდ ჯანსაღ გარემოში განტვირთვა. 

სოციალური საწარმო უცხოელი და ქართველი ტურისტების მოზიდვის გზით ზრუნავს თემის, სოფლისა და ზოგადად, რეგიონის განვითარებაზე. ისინი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნიან, უზიარებენ საჭირო ცოდნას და განვითარების გზებს სთავაზობენ. საწარმოსთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი დონაცია და ისეთი ადამიანების გაერთიანება, რომლებიც მათ ღირებულებებს იზიარებენ და მუდმივად ცდილობენ, ცხოვრება ახალი აღმოჩენებით შეივსონ.