slide: სოციალური საწარმო პოტერია

სოციალური საწარმო "პოტერია"

იზრუნე ქალთა გაძლიერებაზე
 დღეს ჩვენი საზოგადოება არაერთი სოციალური პრობლემის წინაშე დგას. უმუშევრობა, ქალთა უფლებები, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, გარემოს დაბინძურება - ეს ის გამოწვევებია, რომელიც მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითა და ზრუნვით გადაილახება. ერთიანობაში კი ვიგულისხმებით ყველა - ჩვენ, ჩვენი გარშემომყოფები, ბიზნეს სექტორი თუ სახელმწიფო. 
 
საბედნიეროდ, ზოგიერთი ბიზნესი იმაზე მასშტაბურ მიზნებს ისახავს, ვიდრე უბრალოდ პროდუქტის შექმნა და გაყიდვების ზრდაა. მაგალითად საწარმო, რომელიც ბიზნეს მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად იყენებს - არის სოციალური საწარმო. სწორედ ასეთია ,,პოტერია’’. ის შვიდი წლის წინ სოციალური მისიით შეიქმნა - სარგებელი მოეტანა არამხოლოდ დამფუძნებლებისთვის, არამედ კანონთან კონფლიქტში მყოფი და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის. 
 
სამმა მეგობარმა ევროკავშირის მხარდაჭერით უკვე არსებულ საქმიანობას ახალი ღირებულება შესძინა და სახელწოდებაც როგორც თიხასთან (pottery), ასევე ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროსთან დააკავშირა. ,,პოტერიაში’’ სჯერათ, რომ  თიხისგან ნივთების შექმნა მაგიური პროცესია და შემოქმედებით ენერგიას შეუძლია, ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.  ქალებისთვის საწარმოში მუშაობა ერთგვარი თერაპიაა. გარდა ფინანსური კეთილდღეობისა, ისინი აქ წარსული ტრავმებისგან თავისუფლდებიან და მომავლის იმედს პოულობენ. 
 
 ,,პოტერია’’ კერამიკულ ფორმებში ქართული თიხის ისტორიას აცოცხლებს, თუმცა წარმოების გარდა სხვადასხვა თემატიკის მასტერკლასსაც აორგანიზებს. შთამაგონებელ სივრცეში ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადოს, განიტვირთოს და შემოქმედებითად დაიმუხტოს. 
 
მეტი სოციალური საწარმო ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობის წინაპირობაა, მაგრამ ასეთ ბიზნესებს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. გახსოვდეს, რომ პოტერიაში ნივთის შეძენა ან მათ დაგეგმილ აქტივობებში ჩართვა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალების სოციალურ რეინტეგრაციაზე, სოციალური ცვლილებები კი სხვაზე ზრუნვით იწყება. 

"პოტერიას" თიბისის ანგარიში:  GE87TB7483836060100001