ქალაქის ყოველდღიურ რიტმში ხშირად ვაწყდებით ორ განსხვავებულ რეალობას - ბედნიერებით ახმაურებულ რესტორნებსა და მშიერ მდუმარებას, რომელიც ნაგავსაყრელზე საკვების ნარჩენების ძიებისას ისადგურებს.
ამ კადრს ალბათ ერთხელ მაინც შევუძრწუნებივართ, თუმცა ვერაფერი მოგვიფიქრებია ასეთი მასშტაბური პრობლემის გადასაჭრელად. ყველაფერს ისიც ართულებს, რომ ხშირად სრულფასოვანი პროდუქტი იყრება, მაშინ როცა ქვეყანაში შიმშილის დონე საგანგაშოდ მაღალია.
სწორედ ამ რეალობაზე დაკვირვებით შეიქმნა სურსათის ბანკი, რომლის მიზანია, გადაარჩინოს სურსათი განადგურებას და შეამციროს შიმშილის პრობლემა საქართველოში. სურსათის ბანკი ‘’ენკენიას’’ დამფუძნებელია ნანა ოლქიშვილი - FAO-ის მიერ აღიარებული სურსათის გმირი იმ წვლილისთვის, რაც ათწლეულის განმავლობაში შიმშილთან ბრძოლასა და საკვების გადარჩენაში შეიტანა.
‘’ენკენია’’ აგროვებს ვარგის პროდუქტებს - იმ საკვებს, რომელიც გადაყრის საფრთხის წინაშე დგას და აწვდის იმ ადამიანებს, რომლებიც შიმშილთან ყოველდღიურად იბრძვიან. მათ სამყაროსთვის ორმაგი სარგებელი მოაქვთ: ერთი მხრივ, ამცირებენ სურსათის განადგურებასა და გარემოს დაბინძურებას, მეორე მხრივ კი სოციალურ მისიას ასრულებენ - ეხმარებიან მათ, ვისაც საკვების შეძენის რესურსი არ გააჩნია.
სურსათის ბანკის ბენეფიციარები ცხოვრობენ თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, გურიაში, ლაგოდეხსა და კასპში. ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც რიგით მოქალაქეებთან, ასევე სხვადასხვა კომპანიასთან და კვების ობიექტებთან - ყველასთან, ვისაც სჯერა, რომ თუნდაც ერთი პროდუქტით - ადამიანი შეიძლება ერთი დღით შიმშილს გადაურჩეს.
ორგანიზაციისთვის თითოეული ადამიანისა თუ ბიზნესის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია - ყველა პროდუქტი და დონაცია მომართულია იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც დღიდან დღემდე საკვების ძიებაში არიან. გახდი ცვლილების მონაწილე და იზრუნე მათზე, ვისაც შენი მხარდაჭერა დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.
GE38BG0000000162452622
GE58TB7075836080100013