დიდი ცვლილებებისთვის საკმარისია ერთი ინიციატივაც კი, რომელიც სიახლისკენ დაიწყებს სვლას. თუ ის სასიკეთოდ მოძრაობს, აუცილებლად იქნება მოტივაცია დანარჩენებისთვის და ყოველდღიურად ახალ ადამიანს შემოიერთებს.
სწორედ ასე მოხდა თბილისის უფასო მაღაზიის შემთხვევაშიც. თბილისში, ჭავჭავაძის 33 ნომერში, წლების განმავლობაში უფუნქციოდ მიტოვებულ ძველ მწვანე „ფურგონს“ ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. აქ თბილისის პირველი უფასო მაღაზიაა.
ძველ ფურგონში კვირის ნებისმიერ დროს შეგიძლია საკვები პროდუქტის, ან ნებისმიერი საჭირო ნივთის დატოვება მათთვის, ვინც მოწყალებას ითხოვს.
კვირაობით უფასო მაღაზიას განსაკუთრებულად ბევრი სტუმარი ჰყავს. სწორედ ამ დღეს ურიგდებათ შეგროვებული პროდუქტები მოხუცებს, რომელთათვისაც მცირე სახის დახმარებაც კი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
სადაც არ უნდა ვიყოთ, ვხვდებით მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს. ისინი გვახსენებენ, რა სირთულეების გადალახვა უწევთ არსებობის შესანარჩუნებლად. თუ ერთხელ მაინც გინატრია, წვლილი შეგეტანა მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში, მაშინ იცოდე, რომ თბილისის უფასო მაღაზიის მთავარი მიზანი სწორედ ეს არის.
სიკეთეში ჩაბმა მარტივია და ამისთვის ბევრი გზა არსებობს. საკმარისია სურვილი, იზრუნო მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მსგავსი ინიციატივები სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის.