რას წარმოიდგენ, როდესაც ცვლილებაზე ფიქრობ?
თურმე, შესაძლებელია, იმერულმა ოდამ ახალი დანიშნულება შეიძინოს და ახალგაზრდებისთვის ცოდნის კერად იქცეს.
ასეთ ცვლილებას ალბათ მხოლოდ ის ადამიანები წარმოიდგენენ, რომლებსაც სჯერათ, რომ ერთიანი ძალებით სამყაროს ყველასთვის უკეთეს ადგილად ვაქცევთ.
ეს მამა-შვილის ისტორიაა ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან. მათ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ სოფელ მეორე ობჩისა და მეორე სვირის სკოლების 300-მდე მოსწავლესთან. წლების განმავლობაში მათთვის სამოქალაქო და პროფესიულ აქტივობებს აორგანიზებდნენ. ამ პროცესში ახალგაზრდები იმდენად აქტიურად იყვნენ ჩართულები, რომ მათ მოტივაცია მიეცათ, სასიკეთო მიზნებისთვის სივრცე შეექმნათ.
ასე გაჩნდა ,,ცოდნის ოდის’’ იდეა, რომელმაც უნდა გააერთიანოს საკონფერენციო, საბიბლიოთეკო და კომპიუტერული სივრცეები და ის სწორედ ძველი იმერული ოდის ბაზაზე იქმნება. ამ ეტაპზე მოწყობილია ეზო, დასრულებულია გარე მოპირკეთება და სივრცე მზადაა შიდა მოპირკეთებისთვის. ‘’ცოდნის ოდის’’ დამფუძნებლები შიდა სამუშაოებში, ინვენტარითა და ტექნიკით უზრუნველყოფაში საზოგადოების ფინანსურ ჩართულობას საჭიროებენ.
თუ შენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთნაირი ინტერესებისა და მისწრაფებების ახალგაზრდები ერთმანეთს პოულობდნენ სივრცეში, სადაც მათ განვითარებაზე ზრუნავენ;
თუ წიგნი და კომპიუტერი შემეცნებისთვის განუყოფელ საჭიროებებად გევლინება, მაშინ გახდი ‘’ცოდნის ოდის’’ შემოქმედი.
ჩვენ უკვე წარმოვიდგენთ, როგორ მოდიან აქ ცოდნას მოწყურებული ახალგაზრდები, რომლებსაც თვალები სიახლის ეშხით უციმციმებთ.
ხანდახან ცვლილება წარმოუდგენელია, მაგრამ არა შეუძლებელი. იზრუნე სასიკეთო ცვლილებებზე.