slide: ტყის მეგობარი

ტყის მეგობარი

იზრუნე საქართველოს ტყეებზე
ბუნებასთან ყველა ადამიანს ინდივიდუალური კავშირი აქვს, თუმცა, არსებობს მოგონებები, რომლებიც საერთოა. მაგალითად, წინაპრის მიერ დარგული ხე სოფლის ეზოში, რომელიც დროთა განმავლობაში ძვირფას მემკვიდრეობად იქცა ან ხე, რომელიც სკოლის მიმდებარედ დარგე და შემდეგ მისი ბედით აღარც დაინტერესებულხარ.  

თუ ფიქრობ, რომ ბუნება მხოლოდ შენი ეზოთი არ შემოიფარგლება და იაზრებ მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობას, ჩათვალე, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას მოხვდი. გაეცანი ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პლატფორმას - ‘’ტყის მეგობარი’’, რომლის მთავარი მიზანია, გააერთიანოს საზოგადოება საქართველოს ტყის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და შექმნას ტყის გულშემატკივარი ადამიანების გაერთიანება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ პროფესიონალები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც ტყის განვითარება და მოვლაა, ეს არის სფერო, სადაც ძალთა გაერთიანების, საზოგადოების ჩართულობისა და სოციალური პასუხისმგებლობის განაწილების გარეშე არაფერი გამოვა.  მით უმეტეს, თანამედროვე სამყაროს გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და იმ ზიანის ფონზე, რომელსაც ადამიანები ბუნებას ყოფითი ჩვევებით ვაყენებთ. 

ტყის მეგობრის მიზანია 2030 წლამდე არანაკლებ 20 000 ჰექტარ ფართობზე განხორციელდეს ტყის აღდგენის სამუშაოები. ამ ციფრების უკან დგას პროფესიონალთა გუნდის მიერ მომზადებული ტყეების აღდგენის პროექტები, რომელთა მიზანიც წითელი ნუსხით დაცული სახეობის შენარჩუნება და გამრავლებაა, მეორე მხრივ კი ტყის დაცვითი ფუნქციების გაძლიერება.
 
‘’ტყის მეგობარი’’ გაძლევს შესაძლებლობას, ტყეზე ზრუნვისა და აღდგენის პროცესში სასურველი ფორმით ჩაერთო - გახდე მოხალისე ან დონაციის საშუალებით შეიტანო წვლილი სასიკეთო ცვლილებებში. 

გარემოს სჭირდება ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ საზოგადოების კეთილდღეობაზე, მომავალ თაობებზე, გლობალურ გამოწვევებზე. გარემოს სჭირდები შენ. 

იზრუნე საქართველოს ტყეებზე და შეცვალე სამყარო უკეთესობისკენ.